Subscribe

×

ENG | GEO

ინტერვიუ/Podcast: Sinoptik Music

2014-07-28

 ქართული მუსიკალური პროექტი Sinoptik Music აქტიურად მუშაობს 2012 წლიდან. ამ პერიოდში მან უკვე გამოუშვა 2 ალბომი და რამდენიმე EP,  რომელიც მეტწილად ორიენტირებულია ambient/chillout ჟღერადობაზე. 2013 წელს, Vacate Beach-ზე გამოსული მისი ტრეკი (Blind) გახდა ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალის, "ელექტრონავტის" ფინალისტი წლის საუკეთესო ტრეკის ნომინაციაზე. ამჟამად Sinoptik Music მუშაობს რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე, რომლის შესახებაც ინტერვიუდან შეიტყობთ. ინტერვიუსთან ერთად გთავაზობთ პოდკასტის შემდეგ სერიას, რომელშიც მოისმენთ Sinoptik Music-ის სეტს, რომელიც მთლიანად მისი ტრეკებითაა დაკომპლექტებული.


პროექტი Sinoptik Music ორიოდე წელია არსებობს, თუმცა უკვე საკმაოდ ბევრმა გაიცნო შენი მუსიკა. მოგვიყევი უფრო მეტი პროექტის შექმნის იდეაზე, როდის და როგორ აღმოჩნდი მუსიკის კეთების პროცესში? რა მუსიკლაური გავლენებით დაიწყო Sinoptik Music.

Sinoptik Music
-ის  შექმნის იდეა მარტო ცხოვრების პერიოდმა და  მუსიკისადმი ჩემმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა. სწორედ ამ პერიოდში გატაცებული ვიყავი (და დღემდე ვარ) ნორვეგიელი არტისტის, Biosphere-ს შემოქმედებით, განსაკუთრებით კი მისი ტრეკით  “Silence”.  ყოველი მისი მოსმენისას,  ვგრძნობი იმ ჰაერს და ყველა იმ დეტალს, რაც ამ კომპოზიციაშია. სწორედ ასეთმა განსაკუთრებულად ძლიერმა ემოციამ მაპოვნინა საკუთარ თავში იმის უნარი, რომ ვიყო შემოქმედი.  ეს იყო ძალიან საინტერესო აღმოჩენა ჩემთვის.

რა იყო იმის მიზეზი, რომ არ ისურვე სახელის/სახის გამოჩენა და გადაწყვიტე სასცენო ფსევდონიმით გაგეკეთებინა მუსიკა?

სიმართლე გითხრა, რაიმე კონკრეტული  მიზეზით არ არის განპირობებული ის, რომ არ ვჩანვარ. 2 წლის წინ, როცა დავიწყე ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი იდეა მამოძრავებდა, რომ რაც შეიძლება მეტად ჩავწვდომოდი საკუთარ თავს და გამეგო მეტი იმ აღმოჩენის შესახებ, რაზეც უკვე ვისაუბრე. დროთა განმავლობაში ეს საკითხი ჩემგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა,
Sinoptik Music-ის შემოქმედებისა და სამყაროდან გამომდინარე. სხვა მიზეზი ამ საკითხს არ გააჩნია.

2 წლის წინ Soundcloud-ზე ატვირთე შენი სადებიუტო ალბომი “Traveler”, მოგვიანებით Astrolabe Recordings-ზე გამოუშვი მეორე ალბომი, „Beyond The Moon”. ორივე ალბომმა გამოკვეთა, რომ შენი მუსიკა ძალიან ატმოსფერულია და მელანქოლიურიც. თვითონ როგორ აღწერ შენი მუსიკის ხასიათს?

საინტერესო შეკითხვაა.... Sinoptik Music არ არის უბრალოდ მუსიკალური პროექტი, ის ჩემთვის ცოცხალი არსებაა. პირველი ალბომი იმ უდიდესი აღმოჩენებისა და ემოციების შედეგია, რაზეც უკვე ვისაუბრ., ეს იყო პირველი შეხება „დასაწყისთან“. Sinoptik Music ეს არის ერთი მოგზაურის ისტორია, რომელიც უამრავ ემოციას ატარებს, ეს არის ემოცია, როცა გრძნობ, რომ შენი შეგრძნებები უწონადობაშია, როგორც პლანეტები კოსმოსში. Sinoptik Music ეს ვარ „მე“, „მე“, რომელსაც ყოველდღე ვეცნობი...






ამ მოკლე პერიოდში უკვე შეძელი რამდენიმე საინტერესო კოლაბორაციული პროექტის გაკეთება Sun Glitters-თან, ასევე უნდა გავიხსენოთ Sleep Party People, Natlie TBA Beridze, Lukas Termena და სხვები. როგორ მოხდა მათთან დაკავშირება და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა შენთვის მათთან მუშაობა?

ჩემთვის საინტერესო არტისტებს აქტიურად ვეცნობი და იმ პერიოდისთვის Sun Glitters-ი იყო პირველი არტისტი, ვისაც დავუკავშირდი და რომელსაც გავუზიარე ჩემი შემოქმედება.  ეს მოხდა პროექტის შექმნიდან 1 წლის შემდეგ. თავიდანვე ძალიან დადებითად განეწყო ჩემი შემოქმედების მიმართ, რაც მის აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. თითქმის ყოველი ჩემი ახალი ტრეკი მისი Facebook-ის გვერდზე და სხვა სოციალურ ქსელში იდებოდა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩემი შემოქმედების შესახებ. დღეს უკვე Sun Glitters-ის 5 ტრეკზე მაქვს რემიქსი გაკეთებული. მათ შორის ჩემთვის აღსანიშნავია  ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლაბორაციული ნამუშევარი Sleep Party People-თან.  Natalie Beridze-ს შემოქმედება ძალიან მომწონს და ჩავთვალე, რომ მისი შემოქმედებითი სამყარო ახლოს არის იმასთან, რასაც მე ვაკეთებ და შევთავაზე, რომ ერთობლივი
ტრეკი გაგვეკეთებინა. ანალოგიური შემთხვევა იყო Lukas Termena-სთანაც, ვიცნობდი მის შემოქმედებას და გარკვეული მიმოწერები გვქონდა რილიზებთან დაკავშირებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მან თავისი ლეიბლი შექმნა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი რელიზი და ის Termena Music-ზე გამოვიდა. ყველა არტისტთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო  იმ კუთხით, რომ ყოველ მათგანს მისთვის დამახასიათებელი სტილი აქვს და არ ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ მრავალფეროვნების  და ახალი აღმოჩენების თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

ადრეული ნამუშევრებისგან განსხვავებით, ბოლო რილიზებში (Winter Diary EP; Distance EP) ჩვეულ ატმოსფერულობას დაემატა უფრო მეტი პერკუსია, იგრძნობა ბიტიც, მუსიკაც თანდათან უფრო მელოდიური ხდება. როგორ ფიქრობ, Sinoptik Music-ის ჟღერადობა იძენს უფრო მეტ ექსპერიმენტალურ  ხასიათს, ვიდრე ეს ტრადიციულ Ambient/ChillOut-ს აქვს?

რა თქმა უნდა, ჩემი მიდგომაც სწორედ ასეთია. მე არ მინდა, რომ  ჩემი შემოქმედება  კონკრეტულ ჩარჩოებში ჩავსვა. ყოველი ახალი ტრეკი არის ახლის ძიება და მომავალშიც ესე გაგრძელდება. ბიტის და პერკუსიის გარდა ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ  ჩემი შემოქმედება კიდევ უფრო მეტად ცოცხალი გახდეს. მინდა ყოველი დეტალი  იმდენად რეალური იყოს,  რომ თითქოს მისი შეხება შესაძლებელი იყოს.

რომელ ქართველ ან უცხოელ არტისტებთან ისურვებდი თანამშრომლობას ? რა არის Sinoptik Music-ის მიზანი მუსიკალურ სამყაროში?

კოლაბორაციებს მომავალში დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება მომავლის მიზნებს, ეს ცოტათი ეგოისტურიც არის და ის „პარფიუმერი“-ს მიზანს ჰგავს...
J მე მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიწამლოს იმით, რასაც ვაკეთებ..J რაც შეეხება  ყველაზე დიდ სურვილს, მე მინდა, რომ არასოდეს დამთავრდეს ჩემში Sinoptik Music-ი!

რას გვეტყვი შენი სამომავლო გეგმების შესახებ პროდუსინგში? ასევე ძალიან საინტერესოა როდის ვიხილავთ Sinoptik Music-ს როგორც Live Act-ს?

უახლოეს მომავალში ვგეგმავ ახალ ალბომის გამოშვებას, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებული მაქვს. ეს ალბომი  ორიენტირებული იქნება მეტ ექსპერიმენტებზე და არა ერთ კონკრეტულ სტილზე. ასევე დაგეგმილი მაქვს რამდენიმე EP-ი. რაც შეეხება  Live Act-ს, არ გამოვრიცხავ რომ ერთ დღეს ალბათ ამის სურვილიც გამიჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ პროდუსინგში ბევრად მეტი მაქვს გასაკეთებელი.

 


უახლესი პოდკასტები:
Tweet