Subscribe

×

ENG | GEO

ინტერვიუ: Phon.o მუსიკალურ გავლენებზე, ბერლინში გატარებულ წლებზე და მუსიკალურ გეგმებზე.

2014-12-09

Carsten Aermes, იგივე Phon.o უკვე 15 წელია მუსიკას აკეთებს და მისი ნამუშევრები გამოდის ისეთ ლეიბლებზე როგორებიცაა: Shitkatapult, Bpitch Control, Boysnoize Rec, 50Weapons/Monkeytown. არტისტის უკანასკნელი, რიგით მესამე ალბომი- Black Boulder 2012 წელს გამოვიდა 50 Weapons-ზე და მასში ერთნაირი წარმატებით არის გამოყენებული Dubstep, Uk Garage, Dub Techno-ს ელემენტები, რის გამოც ეს ალბომი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. როგორც Phon.o-მ ინტერვიუში განაცხადა, ის უკვე თითქმის მორჩა მუშაობას ახალ ალბომზე, რომელსაც 2014 წელს უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, ინტერვიუში თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა, რატომ თვლის, რომ the WMF საუკეთესო კლუბი იყო ბერლინში და ვინ არიან მისთვის საინტერესო არტისტები 2014 წელს. ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წლის ნოემბერში, მისი ბოლო ვიზიტის დროს, თბილისში, Urban Art-ის ივენთის წინ.


მთვრალი ალუბალი: უკვე მესამედ ხარ საქართველოში, როგორია შენი შთაბეჭდილებები ამ ქვეყანაზე და ქართველ მსმენელზე?

Phon.o:  უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ვისიამოვნე საქართველოში ბოლო სტუმრობით , ამიტომ  ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი. განსაკუთრებით სასიხარულოა ეს ვიზიტი, რადგან უკანსკნელ Live-ს  კარგი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი მსმენელისგან, მივიღე ბევრი სასიამოვნო წერილი ინტერნეტით, ამიტომ განსაკუთრებით ველოდები ამ საღამოს.

 

მთვრალი ალუბალი: დავუბრუნდეთ შენი მუსიკალური კარიერის დასაწყისს, სანამ უშუალოდ  ბერლინში ჩახვედი და დაიწყე მუსიკის კეთება, როგორი იყო შენი მუსიკალური გემოვნება? რა მუსიკის გავლენის ქვეშ იყავი?

 Phon.o:   ჩემი ადრეული მუსიკალური გავლენა იყო Grunge,  ვუსმენდი Rage Against The Machine-ს და მსგავსი მუსიკალური მიმდინარეობის ბენდებს , ეს გრძელდებოდა 90-იანების დასაწყისამდე. შემდეგ შემთხვევით მოვუსმინე რამდენიმე ელექტრონული კომპოზიციას და დავინტერესდი ამ მუსიკით. დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მოვხვდი კლუბში, სადაც უკრავდნენ ტექნოს და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მუსიკა ჩემში შემოვიდა. დავიწყე სხვადასხვა ჩანაწერების მოძიება, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო, რადგან ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ იყო და ძალიან ძნელი იყო სასურველი ჩანაწერის პოვნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვახერხებდი მომესმინა Autechre და Aphex Twin-ის მუსიკა, რაც იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. თუმცა არასდროს შემიწყვეტია სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა და დღემდე სიამოვნებით ვუსმენ Hip-Hop-ს. ჩემთვის ძალიან საყვარელ მუსიკას ქმნიან ასევე Joy Division, New Order, Depeche Mode და სხვები.

 

მთვრალი ალუბალი: ამავე პერიოდში გაიცანით  Sasha (Apparat), როგორი იყო თვქენი ურთიერთობა? ხომ არ იყო ურთიერთგავლენა?

Phon.o:   Sasha-ს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიცნობ, ჩვენ ერთად ვუკეთებდით ორგანიზებას სხვადასხვა ივენთებს და თვითონვე ვუკრავდით ამ ივენთებზე, ერთად დავდიოდით ვინილების საყიდლად, ერთმანეთს ვუზიარებდით მუსიკას და შთაბეჭდილებებს. ეს გაგრძელდა მას შემდეგაც კი, რაც ბერლინში გადმოვედით. თავიდანვე გვინდოდა საერთო სტუდია გვქონოდა, ასევე დავიწყეთ მუსიკის ერთად კეთებაც, მაგრამ დროდადრო ეს შეიცვალა და სხვადასხვა გზით წავედით და განსხვავებული მუსიკის კეთება დავიწყეთ, თუმცა დღემდე ვუგზავნით ერთმანეთის ნამუშევრებს და ვეკითხებით აზრს, ეს კავშირი დღემდე გრძელდება. რაც შეეხება Sasha-ს გავლენას ჩემს მუსიკაზე, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არის ეს გავლენა, თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მეც და Sasha-საც  საერთო გავლენები გვქონდა და ჩვენ ამ საერთო გავლენებს ვიზიარებდით.


მთვრალი ალუბალი: რა იდეებით ჩახვედი ბერლინში? თავიდანვე ფიქრობდი, რომ იქ მუსიკის გასაკეთებლად ჩადიოდი?

Phon.o:   ბერლინში გადასვლა ორი მიზეზით გადავწყვიტე, პირველი და უმთავრესი იყო მუსიკა, ხოლო მეორე მიზეზი იყო თავად ბერლინი. ბერლინი დიდებული ქალაქია ახლაც, მაგრამ მაშინ ის იყო უბრალოდ ბრწყინვალე, თავისი გარემოთი, ხალხით და ყველაფრით. საბოლოო გადასვლამდეც ხშირად ვსტუმრობდი ბერლინს და ყოვეთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ქალაქით. ამიტომ როგორც კი დავამთავრე სკოლა და სამხედრო სამსახურიც მოვიხადე, პირველი რაც გადავწყვიტე იყო ბერლინში გადასვლა. როცა იქ ჩავედი, მივხვდი, რომ აქ მინდოდა ცხოვრება, ამიტომ ვიპოვე სამუშაო, პარალელურად დავიწყე დიჯეინგის სწავლაც და ეტაპობრივად აეწყო ჩემი საქმეც მუსიკაში და 2000 წელს გამოვიდა პირველი რელიზი.

 

 

მთვრალი ალუბალი: პირველი რელიზიდან დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გამოუშვი რამდენიმე EP, შემდეგ კი გადაწყვიტე სოლო კარიერისთვის თავი დაგენებებინა და შექმენი პროექტი “CLP” Chris De Luca-სთან ერთად, სადაც მეტი ორიენტირება ხდებოდა Beat Making და Hip Hop-ზე? რატომ გადაწყვიტე მსგავსი  ცვლილების შემოტანა შენს მუსიკაში?

Phon.o:  “CLP”-ს იდეა შემომთავაზა Chris-მა, ის რამდენჯერმე დაესწრო ჩემს ლაივ შოუს და ძალიან მოეწონა, ამიტომ შემომთავაზა ერთად გაგვეკეთებინა ლაივები. მე მომეწონა ეს იდეა და დავიწყეთ CLP-ზე მუშაობა. მოგვიანებით გადავწყვიტეთ ლაივების გარდა მუსიკაც გაგვეკეთებინა. როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის ვიყავი Hip Hop-ით გატაცებული და ძალიან მაინტერესებდა  Beat Making, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს ჩემი ინტერესი ამ პროექტით განმეხორციელებინა. რამდენიმე წელი ვმუშაობდით ამ პროექტზე, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ მქონდა განსხვავებული იდეები, რომლის განხორციელებასაც CLP-ში ვერ შევძლებდი, მეტი მუსიკალური დამოუკიდებლობა მჭირდებოდა ამიტომ გადავწყვიტე დავბრუნებოდი ჩემს სოლო პროექტს.

 

 

მთვრალი ალუბალი: ამის შემდეგ შენ აღმოჩნდი ბერლინის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, the WMF-ის რეზიდენტი.

Phon.o: the WMF იყო ნამდვილად საუკეთესო ბერლინში, ბერლინში გადასვლის შემდეგ ხშირად დავდიოდი ამ კლუბში, დავუმეგობრდი კლუბის ადმინისტაციასაც, და ერთხელაც მათ შემომთავაზეს ვყოფილიყავი ამ კლუბის რეზიდენტი. ჩემთვის გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, რადგან ყოველთვის ვცდილობ ერთსა და იმავე ადგილას ხშირად არ დავუკრა, ეს ყოველთვის დიდი რისკია არტისტისთვის, თუმცა დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. სამწუხაროდ, კლუბს მალე ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მან ფუნქციონირება ვერ შეძლო, თუმცა ის ჩემთვის ყოველთვის ძალიან საყვარელ ადგილად დარჩება, რადგან ის საუკეთესო იყო. მე ვთვლი, რომ ის Berghain-ზე უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანი იყო.  Berghain-ისგან განსხვავებით The WMF-ში არ იყო მასკულინური მუსიკა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კლუბში იყო საოცარი ბალანსი, ბალანსი არტისტების არჩევაში, მრავალფეროვნება მსმენელში. აქ იყო მუსიკა, რომელიც არ იყო რადიკალური ან ორიენტირებული მხოლოდ Techno-ზე, როგორც ეს ბერლინის უმეტეს კლუბში ხდება.

 

 


მთვრალი ალუბალი: CLP-ს შემდეგ შენს მუსიკალურ კარიერაში მოხდა ბევრი ცვლილება, გარკვეულწილად შეიცვალა შენი მუსიკა, შეიცვალა ლეიბლიც და მოხვდი 50 Weapon-ზე, რამდენად რთული იყო ეს პროცესები?

 

Phon.o:  50 Weapon-ზე მოხვედრას გარკვეულწილად ხელი შეუწყო The WMF-ში გატარებულმა პერიოდმა, სადაც ხშირად მიწევდა ურთიერთობა Modeselektor-თანაც. პრინციპში Gernot-ს და Sebastian-ს დიდი ხანია ვიცნობდი, დაახლოებით 10 წლის წინ შევხვდი პირველად მათ, თუმცა The WMF-ში ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, როდესაც მე გავაკეთე რემიქსი მათი ერთ-ერთი ტრეკისთვის (Modeselektor – Cash). ეს გარკვეულწილად ჩემი  დატესტვის მცდელობა აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ მითხრეს, რომ უნდოდათ ჩემი შემდეგი ტრეკი 50 Weapon-ზე გამოსულიყო.

 

 

მთვრალი ალუბალი:  50 Weapon-ზე უკვე გამოვიდა რამდენიმე EP 2011 წელს, 2012-ში კი 7 წლიანი შესვენების შემდეგ პირველი სოლო ალბომი Black Boulder . რატომ ამხელა პაუზა და რა არის ამ ალბომში ახალი?

Phon.o:  პირველ რიგში, ძალიან გავიზარდე როგორც არტისტი, გავაუმჯობესე პროფესიული უნარ-ჩვევები და გარდა ამისა მუდმივად ვცდილობ პროგრესირებას. ამიტომ დამჭირდა გარკვეული პერიოდი, რის შემდეგადაც გადავწყვიტე გამეკეთებინა ალბომი. ამ ალბომში მოვაქციე ძველი და ახალი მუსიკალური იდეები, თუმცა არ ვთვლი, რომ მუსიკალური იდეები ასე უნდა იყოფოდეს. ასე ვფიქრობ დიჯეინგშიც, მნიშვნელობა არ აქვს ტრეკი ძველია თუ ახალი, თუ ის კარგია, მე მას აუცილებლად ვუკრავ. იგივე მიდგომა მაქვს, როდესაც სტუდიაში ვმუშაობ. 

 


მთვრალი ალუბალი:  Black Boulder -ის შემდეგ, 2013 წელი ისევ მუსიკალურად პასიური აღმოჩნდა, რამ გამოიწვია ეს?

Phon.o:  ამის მიზეზი ახალი ალბომია, რომელიც 2014 წელს 50 Weapon-ზე გამოვა. ამ ალბომზე მუშაობას გასულ კვირას მოვრჩი და ვთვლი, რომ ის Black Boulder -ის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ამ ალბომში იქნება უფრო მეტი Dance გავლენა, ასევე გარკვეული ინსპირაცია 90-იანებიდან.  გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ დავიწყე ერთ-ერთი მუსიკალურ არტისტთან ახალ ალბომზე მუშაობა, ეს მომღერალი ასევე მონაწილეობს ჩემს ახალ ალბომში.

 

მთვრალი ალუბალი:  გარდა სტუდიური მუშაობისა რა იყო 2013 წელს შენთვის ახალი, თუნდაც მუსიკაში? ხო არ გქონდა რაიმე მუსიკალური აღმოჩენა?

 Phon.o:   როგორც წესი, სტუდიაში მუშაობის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ დასვენებას: მივდივარ სახლში და ვცდილობ მოვწყდე მუსიკას, ამიტომ იშვიათად ვახერხებ სხვა მუსიკის მოსმენას. თუმცა ნამდვილად გამოიკვეთა რამდენიმე არტისტი, რომლებსაც რეკომენდაციას გავუწევდი 2014 წლისთვის. პირველ რიგში ესაა John Talabot, რომელიც ძალიან მომწონს, ასევე Jon Hopkins, რომელმაც ბრწყინვალე ალბომი გამოუშვა წელს. კარგი წელი ჰქონდა Moderat-საც, ძალიან მომწონს მათი ახალი ალბომი, მართალია ყველა ტრეკი ერთნაირად კარგი არაა, თუმცა მუსიკალურად ძალიან საინტერესო და ემოციური ალბომია, ისევე როგორც მათი ლაივები.

უახლესი პოდკასტები:
Tweet