Subscribe

×

ENG | GEO

Gacha - When The Watchman Saw The Light

2014-03-16


   
27 იანვარს Apollo Records-ზე ქართველი მუსიკოსის Gacha-ს ახალი EP, When The Watchman Saw The Light გამოვიდა. ეს არის არტისტის რიგით მეორე EP Apollo Records-თვის, მანამდე, 2012 წელს, ამ ლეიბლზე Gacha-მ „Remember” დაარილიზა. “Remember”-სგან განსხვავებით When The Watchman Saw The Light-ის ქრონომეტრაჟი უფრო დიდია და ახალი კრებული ბევრად მრავალფეროვანიცაა. უცხოურ გამოცემებში იწერებოდა, რომ ამ კრებულში შეიმჩნევა ისეთი მუსიკალური გავლენები, როგორებიც არის: Boards of Canada, Arthur Russell, John Cage..



მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ხასიათის მიხედვით When The Watchman Saw The Light თავისუფლად შეიძლება წინამორბედი EP-ის გაგრძელებად ჩავთვალოთ, ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ When The Watchman Saw The Light აერთიანებს რამდენიმე მუსიკალური მიმდინარეობის კომპოზიციებს. ალბომში გვხვდება Downtempo, Chillout, Balearic სტილის 'New Grass' და 'Fantasy', UK Garage-სთვის დამახასიათებელი ჟღერადობის „Ghostly Head“, უფრო Techno ჟღერადობის „Afterglow”  და ორი უმშვენიერესი ვოკალური კომპოზიცია ნატალია ბერიძესთან ერთად. EP-ის რიგით პირველი ტრეკი, „Saysea” მთლიანად გაჟღენთილია ტუსია ბერიძის ვოკალის ატმოსფეროთი და მთელ რიგ მომენტებში შეგვახსენებს მის სხვა ვოკალურ ტრეკებს. მინიმალისტური პერკუსიაც მაქსიმალურად მიმართულია იმისკენ, რომ ვოკალის ოპტიმიზაციით მოხდეს კომპოზიციის ხასიათის გამოსახვა. რაც შეეხება ტუსიას და გაჩას მეორე კოლაბორაციას, “Atlas”, აქ ერთმანეთს ერწყმის Ambient Pop-სთვის დამახასიათებელი ატმოსფერული ფონი, რომელსაც ამდიდრებს იშვიათი, მაგრამ ძალიან მკაფიო და ჟღერადი ბასი. ვოკალი კი აბსოლუტურად შეზრდილია კომპოზიციის ხასიათთან. Gacha და ნატალია ბერიძის ლაივის მოსმენა და ნახვაც შესაძლებელი იყო Artarea-ს პროექტის Live@Twilight-ის მეორე სეზონის პირველ გადაცემაში.  ასევე ოფიცილაურად დადასტურებულია, რომ ისინი დაუკრავენ ლაივს ბრიუსელში, 27 მარტს.                                                                                                                   

დავუბრუნდეთ ალბომის მუსიკალურ ჟღერადობას და ხასიათს. Apollo Records ყოველთვის გამოირჩევა ძალიან ინდივიდუალისტი არტისტების სელექციით, რისი შედეგიცაა ამ იმპრინტის უნიკალური ჟღერადობა. ამის ნათელი მაგალითია ის არტისტები, რომლებთანაც ლეიბლს უთანამშრომლია: James Blake, Synkro, Jack Dixon, Indigo, Aphex Twin და ასე შემდეგ. Gacha ერთ-ერთი იმ არტისთაგანია, რომლის ჟღერადობა ძალიან თვითმყოფადია და გამოირჩევა ცოცხალი ჟღერადობით. The Watchman Saw The Light ნამდვილად საფირმო ნამუშევარია ამ კუთხით, რადგან ეს ალბომი აერთიანებს რამდენიმე საინტერესო მუსიკალურ თუ არამუსიკალურ იდეას. პირველი, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ესაა EP-ის მელანქოლიური ხასიათი და პოეტურობა.  პოეტური იდეის გავლენა იწყება ჯერ კიდევ სათაურიდან, რადგან სათაურის კონტექსტი გვახსენებს ბერძენი პოეტის, Constantine P. Cavafy-ის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს, When The Watchman Saw The Light. საინტერესო იქნება ცოტა ღრმად ჩავყვეთ იმ კონტექსტებს, რომელითაც ინსპირირებულია ამ ალბომის რამდენიმე იდეა. Cavafy-ის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ელინისტური ეპოქის სულ და ასევე დიდია გავლენა ბიზანტიური ხელოვნების. პოემა, საიდანაც მოდის ალბომის სათაური ეხმაურება ესქილეს ტრაგედიას, რომელიც მოგვითხრობს ბერძნული მითოლოგიური გმირის ატრევსის ტრაგედიას. თავისთავად ტრაგედიის დეტალები ცალსახად არ უკავშირდება გაჩას ახალ ალბომს, თუმცა თვითონ ანტიკურობის და ტრაგიზმის ელემენტები კი ნამდვილად ამოიკითხება მის კომპოზიციებში. ამ ეფემერულ ნოტას აგრძელებს კიდევ ერთი ზემოთხსენებული ტრეკი ნატალია ბერიძესთან, „Saysea”. ამ კომპოზიციის ტექსტი აღებულია Emily Dickinson-ის “My Rivers Ruins To Three”-დან, რაც კიდევ ერტელ ადასტურებს პოეტურ ფოკუსს გაჩას მუსიკაში, ისევე როგორც ეს უცხო არაა ტუსია ბერიძისთვისაც. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა  მათი კოლაბორაცია არა მარტო ლაივ შოუების თვალსაზრისით, არამედ სტუდიურ მუშაობაში. მათი სტუდიური კოლაბორაციის ერთ-ერთ სამომავლო პროდუქტად იგეგმება ალბომი, რომელსაც სავარაუდოდ Apollo Records დაარილიზებს. გარდა მათი საერთო კომპოზიციისა ალბომში გვხვდება კიდევ 4 ინსტრუმენტალური ტრეკი სადაც არტისტი საკმაოდ უკომპრომისოდ იყენებს სხვადასხვა მუსიკალური სტილისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, რაც ყოველთვის დიდი პლუსი იყო გაჩასთვის. სწორედ ამის და სწორი ჰარმონიული გადაწყვეტის შედეგია ის, რომ ერთ კრებულში საკმაოდ სისტემურად მოთავსდა Garage სტილის „Ghostly Head“ და Techno ჟღერადობის „Afterglow”  უფრო ატმოსფერულ და ნაკლებად აგრესიულ 'New Grass' და 'Fantasy'-სთან. ჯამში უნდა ვაღიაროთ რომ ეს წლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ალბომია და სამარკო ნიშანი ქართული ელექტრონული მუსიკისთვის, რომელიც 90-იანებიდან დღემდე ეტაპობრივად ახერხებს თავისი ინდივიდუალური ჟღერადობის შენარჩუნებას.

 

 

  

 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet