Subscribe

×

ENG | GEO

Svansikh -Disco Day EP

2014-03-16


  
10 თებერვალს, ქართულმა ელექტრონულმა დუო Svansikh-მა თავისი პირველი Disco Day EP დაარილიზა Kiez Beats-ზე. მიუხედავად იმისა, რომ Svansikh უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს, ლეიბლებთან მათი სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ ახლა დაიწყო. მანამდე მათი ტრეკი, “Magic”, Mozzarella Recordings-ის კომპილაციაში გვხვდებოდა, ხოლო გერმანულ  Kiez Beats-თან ურთიერთობით მათთვის ახალი ეტაპი დაიწყო. ჰამბურგში დაარსებული ამ ლეიბლის საუნდი მეტწილად Disco-ს სხვადასხვა მიმართულებებზე ორიენტირდება, ისევე როგორც Svansikh-ის ჟღერადობა, ამიტომ მათი თანამშრომლობა ადვილად შედგა.

Disco Day EP-ში შესული ტრეკებიდან 2 ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპოზიციაა: “On The Radio”-ს მოსმენა დუოს Soundcloud-ზე ორი წელია შესაძლებელია, ხოლო მეორე ასეთი ტრეკია „ელექტრონავტი 2013“ის ნომინანტი “I Have To Go”. ამ კრებულის ძირითადი ექსკლუზივია Disco Day და მისი ორი რემიქსი, რომელიც რუსმა პროდუსერმა 5 Reason-მა გააკეთა. როგორც წესი, პირველი მუსიკალური კრებული მეტწილად აჯამებს მუსიკოსთა პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ამ შემთხვევაში EP-ის  მისიად ძირითადად მისი ტექნიკური ფუნქცია უფრო უნდა ჩავთვალოთ, ვიდრე შინაარსობრივი. ტექნიკურ ფუნქციად ითვლება ნამუშევრის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში მეტად დამკვიდრების მცდელობა და მსმენელთან კონტაქტი. დიდი ხანია Beatport-ის მონოპოლისტური პოლიტიკა პროვოცირებს იმ აზრს, რომ ბიზნესის პერსპექტივით ის არც თუ ისე სახარბიელოა დამწყები მუსიკოსებისთვის, თუმცა ის დღემდე ყველაზე დიდი პლატფორმაა ამ ტიპის მუსიკისთვის. Disco Day EP-ის შეძენა ასევე შესაძლებელია რამდენიმე მუსიკალურ ინტერნეტ მაღაზიაში.  რაც შეეხება იმ აზრს, თუ რატომ არ უნდა ჩავთვალოთ ეს კრებულის Svansikh-ის მუსიკალური ჟღერადობის ან ხასიათის სახედ, მიზეზი მარტივია: ქრონმეტრაჟი. 28 წუთიანი ქრონომეტრაჟის მქონე EP- ის მხოლოდ ნახევარი ეკუთვნის Svansikh-ის ორიგინალურ კომპოზიციებს, რაც საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ ამ პროექტის 2 წლიანი აქტიური მოღვაწეობა შეჯამდეს.





„I Have To Go” ამ EP-ის რიგით პირველი ტრეკია, რომლის მოსმენაც 2013 წლიდანაა შესაძლებელი და რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე ბოლო „ელექტრონავტის“ ნომინანტი იყო საუკეთესო ტრეკის კატეგორიაში. ეს ტრეკი ყველაზე დიდი ნაბიჯია მათ მუსიკალურ ქრონოლოგიაში, რადგან ამ ნამუშევარში ყველაზე მეტად იგრძნობა პროგრესი როგორც ხმის ინჟინერიაში, ასევე კომპოზიციურობაში. მიუხედავად იმისა, რომ Svansikh-ის ადრინდელი ტრეკებიც კომპოზიციურად საკმაოდ კარგად იყო გამართული, „I Have To Go” მაინც სხვა ეტაპი აღმოჩნდა მათთვის, რადგან Svansikh-ის ყველაზე ოპტიმალური ჟღერადობა სწორედ ამ ტრეკმა გადმოსცა.  სწორედ ამიტომ „I Have To Go” აბსოლუტურად სწორი არჩევანი იყო საიმიჯო EP-სთვის. Disco Day EP-ის ძირითადი ტემპი 100-115 BPM-ში ტრიალებს, მხოლოდ On the radio გამოირჩევა უფრო მაღალი ტემპით (127BPM), ამ კუთხით შეიძლება ერთი შეხედვით შეუფერებლად მოგვეჩვენოს ამ ტრეკის ჩასმა შედარებით Downtempo კრებულში, თუმცა ალბათ ეს იმის განაცხადად უნდა ჩავთვალოთ, რომ Svansikh-ის თვითმიზანი არ იქნება ტემპთან ან სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული კლიშეები. სხვა მხრივ ტრეკი საკმაოდ პოზიტიური განწყობისაა და EP-ის მთლიან ხასიათსში ჯდება. რაც შეეხება მთავარ ტრეკს, Disco Day დარილიზდა როგორც Indie dance/Nu Disco ჟანრის კომპოზიცია. ეს ტრეკიც, ისევე როგორც კრებულის სხვა რილიზები, საკმაოდ კარგად არის გამართული ტექნიკური თუ კომპოზიციური კუთხით და 5Reason-ის რემიქსებთან ერთად საკმაოდ სახასიათოც გამოდგა. Svansikh-თვის ეს ახალი ტრეკი ფაქტობრივად დაწყებული საქმის გაგრძელებაა, რისი შემცნევაც ადვილია თუ მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს დავაკვირდებით. როგორც წესი, EP ძალიან ხშირად შეიცავს ხოლმე რემიქსს, ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება, როცა ერთი ტრეკის გარშემო აგებენ EP-ს, და რემიქსი მხოლოდ ქრონომეტრაჟისთვისაა. ამ შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა, არ გამიკვირდება თუკი ბევრისთვის ორიგინალურ ვერსიაზე უფრო მისაღები აღმოჩნდება 5Reason-ის რემიქსი, რადგან ამ პროდუსერმა ნამდვილად მშვენიერი ინტერპრეტაცია გაუკეთა Disco Day-ს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ვოკალის ხარჯზე ხდება ინსტრუმენტალურ ნაწილში არსებული შემოქმედებითი დეფიციტების აღმოფხვრა, ამ რემიქსში მსგავს ვერაფერს ნახავთ. ფაქტია 5 Reason-მა საქმეს ბრწყინვალედ გაართვა თავი და საკუთარ რემიქს უფრო მეტი თვითმყოფადობა მისცა და არც უცდია მხოლოდ სემპლების ოპტიმიზაციით გასულიყო ფონს. გამართული ინსტრუმენტალის ხარჯზე მოხერხდა Instrumental Mix-ის ცალკე დარილიზება, რაც ისევ და ისევ 5 Reason-ის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. ორიგინალური ტრეკისგან განსხვავებით 5 Reason-ის რემიქსი უფრო Easy Listening-ია, რაც ჯამში სწორი ნაბიჯია, რადგან ამით ორიგინალურობას იძენს. ჯამში Disco Day EP ამ პროექტისთვის წარმატებულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს და კარგ სადებიუტო კრებულად.

 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet